Foto

ზელენსკი - სანქციები დავუწესე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კოლაბორანტებს, ასევე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“დღეს მე ხელი რამდენიმე სასანქციო გადაწყვეტილებას მოვაწერე - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციებს. საუბარია თითქმის 150 სუბიექტზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ.

ასევე, სანქციების კიდევ ერთი პაკეტი კოლაბორანტების წინააღმდეგაა, სწორედ მათ წინააღმდეგ, ვინც ბოროტებისა და ომისთვის მუშაობა აირჩია.

უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანაა, გააკეთონ ყველაფერი, რომ უკრაინული სანქციები სინქრონიზებული იყოს მსოფლიოს სანქციებთან“,- განაცხადა ზელენსკიმ.