Foto

თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღიქვამ - „თეგეტა მოტორსის” საზაფხულო კამპანია

„ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას  უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს, საკუთარი ხელით რომ უვლის საკოლექციო, უკვე ვინტაჟურ ავტომობილებს. გამონაკლისი არც „თეგეტას“ მექანიკოსი და ავტომრბოლელი ლიკა მაისურაძეა, მანქანების სიყვარული პროფესიად რომ აქცია და სამუშაოდაც ის ადგილი იპოვა, სადაც მიაჩნიათ, რომ ავტომობილის მოვლა შეიძლება ხელოვნებას უტოლდებოდეს. ვინც „თეგეტა მოტორსის“ საზაფხულო კამპანიას თვალს ადევნებდა, ამ ადამიანებსაც ადვილად ამოიცნობს. კომპანიამ, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია, მომხმარებელს სრულ საავტომობილო მომსახურებას სთავაზობს, სეზონური მესიჯების გასახმოვანებლად ამჯერადაც შემოქმედებითი გადაწყვეტა აირჩია.

ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ავტომობილის სეზონურად მომზადება იმ კულტურული პროცესის ნაწილია, რომლის დანერგვასაც „თეგეტა მოტორსი“ დიდი ხანია ხელს უწყობს და სხვადასხვა აქტივობითა თუ კამპანიით ახალისებს. ამჯერადაც, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე, ზოგადად, ავტომფლობელებისათვის, რომ მანქანის პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოგზაურობის წინ, ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარს - ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უკავშირდება.

საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანია, ეს გზავნილები და მოწოდებები ჩვენი თანამოქალაქეების ქცევაში გადაიზარდოს. წლებია „თეგეტა მოტორსი“ ამ საქმეს ემსახურება და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პროგრესი ამ მიმართულებით აშკარაა“.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც  გვიჩვენებს, რომ მოგზაურობის ხელოვნებაც შეიძლება სწორედ ავტომობილის მოვლით იწყებოდეს.  ვიდეოკადრები ასახავს იმ შთამბეჭდავ მომენტებს, გამართული ავტომობილით მოგზაურობისას რომ ჩნდება.

„თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიამ პერსონალური ისტორიებიც გააერთიანა.

მომზადდა პოსტერების სერიაც. ფოკუსში ის საავტომობილო პროდუქტები მოექცა, რომელთა გამართულობის შემთხვევაშიც მოგზაურობა უსაფრთხო თავგადასავლად იქცევა. ესენია საბურავი, აკუმულატორი, სამუხრუჭე ხუნდები და ძრავის ზეთი. პოსტერებს მცირე განმარტებებიც დაერთო, იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი კონკრეტულ საავტომობილო ნაწილებზე ყურადღების გამახვილება და რა გავლენას ახდენს მათზე ტემპერატურის მატება. ამის პარალელურად, მთელი კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები სავალი ნაწილის უფასო შემოწმებით სარგებლობდნენ.

ავტოინდუსტრიისა და ხელოვნების სინთეზის პირველი მცდელობა „თეგეტა მოტორსის“ გაზაფხულის კამპანია იყო, სადაც ავტომობილის მოვლის ხელოვნებაზე მოძრავი პოსტერები გაკეთდა. ლოგიკური გაგრძელება უკვე ცხელ სეზონზე, ზაფხულში მოჰყვა. უცვლელი კონცეფციით, რომ ავტომობილის მოვლა ხელოვნებაა.

ცხელ სეზონთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ საზაფხულო კამპანიაც დასრულებულია. წინ ახალი, გარდამავალი სეზონია, რაც საყვარელ ავტომობილთან ერთად მოგზაურობაზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს. მთავარი დამოკიდებულებაა - შეხედავ ყოველდღიურობას, როგორც რუტინას, თუ საზრუნავსა და საქმიანობას თავგადასავლად აქცევ.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500000-მდე საცალო და 35000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.