Foto

მარკ რუტე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას პირველ ოქტომბერს ოფიციალურად გადაიბარებს

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პირველ ოქტომბერს ოფიციალურად ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას გადაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პირველ ოქტომბერს, დილის ცხრა საათიდან ნატოს შტაბბინაში ახალი გენერალური მდივნის დანიშვნის ცერემონია გაიმართება.

"იენს სტოლტენბერგი და მარკ რუტე მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, შემდეგ იქნება უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში, სადაც ასევე გაიმართება სიტყვით გამოსვლები", - წერს მედია.

ამის შემდეგ მარკ რუტე ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე პირველ პრესკონფერენციას გამართავს.

სწორედ ამ დღეს დატოვებს ოფიციალურად თანამდებობას მოქმედი ლიდერი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ალიანსს 10 წელია ხელმძღვანელობს.