2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
როგორც კალანდარიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმე „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობას ეხება.
"სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა.
იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ, როცა სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის - ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია, აჩენს ობიექტურ კითხვებს.
ხსენებული მედიასაშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია, ემსახურებოდეს რამე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად და კეთილსინდისიერად. ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ სწორედ ქმედებებით და არა მათი ნათესაური კავშირებით.
ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონშესაბამისად და ღირსეულად გააგრძელებენ საქმიანობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვხელმძღვანელობთ თანამშრომლობის საუკეთესო სტანდარტით და ყოველთვის მზად ვართ, მივაწოდოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას კომპეტენტური და გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა",- განაცხადა კალანდარიშვილმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press