Foto

კალანდარიშვილი - თანამშრომლობის გადახედვა მომავალში „TV პირველის“ წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას არ გულისხმობს

თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია, უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს - თანამშრომლობის გადახედვა მომავალში აკრედიტაციის გაუქმებას არ გულისხმობს,- ასე ეხმაურება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორის, ნოდარ მელაძის განცხადებას.

კალანდარიშვილის თქმით, ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება საშუალება, საარჩევნო პროცესი გააშუქოს.

„მინდა, გამოვეხმაურო ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან დადასტურდა ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში პირადი ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური მცდელობების შესახებ.

გვინდა, შევახსენოთ აღნიშნული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ კარგი თანამშრომლობის სტანდარტი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან არ ყოფილა დაცული. „ტვ პირველის“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მათ ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება, დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ შესაბამისი პასუხები, თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან არჩეული იყო ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური გზები, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.

ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, თუმცა, თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია, უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს.

გვინდა, მოვუწოდოთ „ტვ პირველის“ წარმომადგენლებს, ნუ მისცემენ დღევანდელ განცხადებას განსხვავებულ ინტერპრეტაციას, რადგან ბრიფინგზე არ ყოფილა ნახსენები აღნიშნული ტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება საშუალება, გააშუქოს საარჩევნო პროცესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ და მომავალშიც ვიქნებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპების დამცველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების საპასუხოდ ჩართული მხარეებისგანაც მივიღებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას",- აცხადებს კალანდარიშვილი.

შეგახსენებთ, მანამდე, ცესკოს ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების გამოყენების მცდელობა გრძელდება. მისი თქმით, საქმე "TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობას ეხება. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, თანამშრომლობის საკითხი გადაიხედება.

კალანდარიშვილს გამოეხმაურა "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორი ნოდარ მელაძე და თქვა, რომ ცესკოს თავმჯდომარე "შაბათის ეთერის“ გუნდზე ზეწოლას ახდენს. მანვე აღნიშნა, რომ ითხოვენ განმარტებას, თანამშრომლობის გადახედვის შესახებ გაკეთებული განცხადება ნიშნავს თუ არა აკრედიტაციის შეჩერებას.