Foto

მისი განცხადება მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა იყო - გვარამია ივანიშვილზე

მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა,- ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას.

როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილმა "სცადა, საქართველოსთვის ღირსება აეყარა".

"გუშინ, საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა; მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ; ჩვენ ერზე ისევ ეძალადათ და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებს ერთადერთ პოლიტტექნოლოგიად.

საერთოდაც, ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ როდესაც იყენებ პოლიტტექნოლოგიად, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარი არის არჩევნებში გამარჯვება, არ შეიძლება, იყო ქვეყნის პირველი პირი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გუშინ 14 სექტემბერს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა: "ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას... დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ "ნაციონალურ მოძრაობაზე", რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.

დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა...

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".