Foto

„ამერიკის ხმა“ - ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნებისთვის დღეს, 25 სექტემბერს დაგეგმილ ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურ პირსა და კონგრესიდან კიდევ ერთი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

აღნიშნულზე "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ "საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს".

"ამერიკის ხმისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "აირჩიე ევროპას" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის, არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა",- წერს "ამერიკის ხმა" და ასევე უთითებს, მთავრობის ადმინისტრაციაში მიღებაზე მოსაწვევის გაუქმების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი 22 სექტემბერს დაიწო და 26 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრებოდა.

ადმინისტრაციის ცნობით, დღეს 25 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს. გუშინ, 24 სექტემბერს, კობახიძე ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, მანამდე კი თავად მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.