Foto

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაცია მიიღო

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ქვეყნები, რომლებმაც დეკლარაცია მიიღეს არის: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

დეკლარაციის მთავარი პუნქტები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს; აგრეთვე, დამატებით ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით და უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას დონორთა მეშვეობით.

“მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უზრუნველვყო, უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისა და გადარჩენისთვის საბრძოლველად. მე გამოვაცხადებ რიგ ქმედებებს უკრაინის სამხედროების მხარდაჭერის დასაჩქარებლად. პარტნიორი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას ეკონომიკური მდგრადობიდან ეკონომიკურ აღორძინებაზე გადასვლაში“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.