Foto

აშშ-ის საელჩო - სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა - დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას საქართველოს ათასობით მოქალაქე ატარებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავს განცხადებით ეხმაურება.

საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ელჩ რობინ დანიგანის ფოტოსაც, რომელმაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.