Foto

ილია დარჩიაშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

"ყურადღება გამახვილდა უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე; ასევე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე.

ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს გაფორმდა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.