Foto

გიორგი ამილახვარი გადადგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ამილახვარმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამილახვარი ამბობს, საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

"მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ განათლების ბიზნესში და როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა, 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა – შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. 

დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვბრუნდები კერძო სექტორში. 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და მეგობრობისთვის, რასაც მისგან ვიღებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. საზოგადოებას კი მინდა ვუთხრა, პოლიტიკა ზოგადად უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ, საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ. 

განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა. 

განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორებიც არის: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის, მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაარსება, პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში, 100 სრულიად ახალი სკოლა ჩვენს მომავალ თაობას, კერძო-საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტებისთვის, 27 000 სტუდენტისთვის დავალიანების განულება, ონლაინ განათლების რეფორმა, ახალი სადოქტორო სტანდარტის შემუშავება, 1-წლიანი სამაგისტრო და 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების დაშვება, მასშტაბური პროექტის - "სტუდ ფესტის“განხორციელება სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებში სტუდენტური კლუბების გაძლიერება. ეს იმ რეფორმების მწირი ჩამონათვალია, რაც ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა ამ დიდ ეროვნულ საქმეში. 

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, სკოლების ადმინისტრაციას, პროფესორებს, სტუდენტებს, რექტორებს, მეცნიერებს. დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის და მადლობას გიხდით ყველას თანადგომისთვის, რასაც მუდმივად ვგრძნობდი თქვენგან. 

ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება",- აცხადებს ამილახვარი.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.