Foto

ხამენეი - რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიბანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რეგიონის ბედს "წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ".

ხამენეი მუსლიმებს მოუწოდებს, "დადგნენ ლიბანის ხალხისა და ამაყი "ჰეზბოლას" გვერდით და დაეხმარონ მათ ბოროტ რეჟიმთან [ისრაელი] დაპირისპირებაში".

"ამ რეგიონის ბედს გადაწყვეტენ წინააღმდეგობის ძალები, წინა ხაზზე "ჰეზბოლასთან" ერთად",- ამბობს აიათოლა ალი ხამენეი.

აღსანიშნავია, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.