Foto

შალვა პაპუაშვილმა ჰომოფობიურ კანონს ხელი მოაწერა

პარლაენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰომოფობიურ კანონს, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მისი ხელმოწერის უკან "ერი და ბერი" დგას.

"დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა. 

სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს.

ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები, რომლებსაც იმდენი გამბედაობაც არ აღმოაჩნდათ, რომ ღიად გამოეხატათ აზრი ამ კანონთან დაკავშირებით და სამარცხვინოდ გაიპარნენ დარბაზიდან კანონზე კენჭისყრის დროს. 

კანონი, რომელსაც ხელს ვაწერ, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს.

კარგად მესმის, რომ ამ კანონის ხელმოწერა კრიტიკას გამოიწვევს ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან, მაგრამ ქართველებს არასდროს შეგვშინებია სხვათა შეფასებების, როდესაც ამას ჩვენი რწმენა, საღი აზრი და ქვეყნის ერთგულება გვავალდებულებდა და როდესაც ვხედავდით, რომ ცივილიზაციური დინებები არასწორ კალაპოტს ჭრიდნენ. ამან გამოგვატარა ათასწლეულები. ასე შევინარჩუნეთ ჩვენი იდენტობა. ამავე დროს, იმავე უცხოეთში, ჩვენ ვხედავთ მილიონობით ადამიანის სულისკვეთებას, რომელიც თანხმობაშია ამ კანონთან.

ეს კანონი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, ისე, რომ სხვა ადამიანების უფლებები არ შეილახოს, რაც არის კიდეც ნამდვილი დემოკრატიის არსი და იდეა. 
შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გამორჩეული თვისება. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ შემწყნარებლობა ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებულ თანაცხოვრებას გულისხმობს და არა ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრებას და სხვისი რწმენისა და ღირებულებების უგულებელყოფით სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას.

ეს კანონი ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს. 2024 წლის 17 მაისს მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში, რითაც შედგა ფაქტობრივი რეფერენდუმი ამ კანონზე. მისი მიღების პროცესში გვქონდა ასევე განხილვები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სადაც როგორც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისე სხვა რელიგიურმა კონფესიებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ კანონის სულისკვეთებას. 

ამიტომ, ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც",- აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა.

საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.