Foto

საქართველოს მმართველი პარტია დაშინების კამპანიას აგრძელებს - ლანდსბერგისი

საქართველოს მმართველი პარტია დაშინების კამპანიას აგრძელებს,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლანდსბერგისმა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ, მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ევროპულ გზას დაუბრუნდეს",- განაცხადა ლანდსბერგისმა.