Foto

მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც საქართველოს ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს - საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთის პრედიზენტის, ემანუელ მაკრონისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, 3 ოქტომბერს პარიზში, ელისეის სასახლეში გაიმართა, საქართველოში საფრანგეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ემანუელ მაკრონმა "სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს".

“რესპუბლიკის პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩვენები.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.