Foto

„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა" (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია - "სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის" მიიღო.

რეზოლუცია ხაზს უსვამს 2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ გადამწყვეტ წინაპირობას.

ასევე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას.

ამასთან, რეზოლუცია ევროკავშირის კომისიას მოუწოდებს, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას და მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს ამის შესახებ საქართველოს მთავრობას.

"ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს:

- ევროპარლამენტის Renew Europe-ს ჯგუფს, მოახდინოს მობილიზება ევროპარლამენტის რეზოლუციის განხორციელების მხარდაჭერისთვის.

- დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს პერსონალური სანქციები ევროკავშირისა და ნატოსგან საქართველოს განდევნისა და ავტორიტარიზმისკენ სვლისკენ.

- დასრულდეს :ქართული ოცნების" დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ.

- შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

- შეწყდეს სამართლებრივი დევნა აქტივისტებისა და დემონსტრანტების, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და გაუქმდეს მათი სასჯელი.

- ახალმა, დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ აიღოს ვალდებულება რეფორმებისა და ცხრა პირობის შესრულებაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.

- ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს გაზარდონ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არჩევნების გაძლიერებულ მონიტორინგთან ერთად.

- ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, დაუწესოს სანქციები ევროკომისიამ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული კანონის მიღებასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში.

- ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანოებმა თავი შეიკავონ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტისგან", - ნათქვამია რეზოლუციაში.