50 წლის წინ, გაუქმებულ მეტეხის ტაძარში თეატრი “მეტეხი“ გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელი და დამაარსებელი, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გახლდათ. თეატრმა 50 წლის განმავლობაში დიდი და საინტერესო გზა განვლო. დღეს ის რუსთაველის #19-ში მდებარეობს და სანდროს შვილი, მიხეილ მრევლიშვილი ხელმძღვანელობს.
ისტორია კი ასე დაიწყო. მეტეხის მიტოვებულ ტაძარში განთავსებული იყო ელგუჯა ამაშუკელის სახელოსნო, რომელმაც ახალგაზრდებს დაუთმო ასპარეზი. მსახიობებმა საკუთარი ხელით შექმნეს შესაფერისი გარემო ისე, რომ ტაძრის არქიტექტურა არ დაზიანებულა. ოთხ სვეტს შორის განთავსდა 36 კვ. მ. სცენა, რომელსაც სამი მხრიდან მაყურებელი აკვირდებოდა; შესაბამისად, დარბაზსა და სცენას შორის ტრადიციული ზღვარი წაიშალა და მაქსიმალურად დაახლოვდა. ეს ხელს უწყობდა მაყურებლის მიერ მოქმედების აღქმას, მსახიობის ოსტატობის გამოვლენასა და მათ შორის უშუალო კონტაქტის დამყარებას. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული ექსპერიმენტული თეატრი-სტუდია, რომელსაც მეტეხის თეატრი ეწოდა.
ამჟამად თეატრს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისი მუნიციპალური თეატრი ეწოდება და მიხეილ მრევლიშვილის ხელმძღვანელობით ახალ სეზონზე მაყურებელს ორ პრემიერას სთავაზობს.
ბატონო მიხეილ, რას ნიშნავს თქვენთვის თეატრი, რომელიც მამამ შექმნა?
მე ამ თეატრთან ერთად გავიზარდე. ის ჩემი უმცროსი დედმამიშვილია. მხოლოდ რამდენიმე წლით უფროსი ვარ მასზე. ბავშვობაში ცოტა ვეჭვიანობდი კიდეც, რადგან მეგონა, რომ მშობლები მას მეტ დროს უთმობდნენ, განსაკუთრებით, სანდრო. ის ყოველთვის თეატრის საქმეებში იყო ჩაძირული. დღეს კი, როგორც უფროს ძმას, ისე მიწევს მასზე ზრუნვა.
ამასთანავე, “მეტეხის“ თეატრი იყო ჩემთვის პირველი ნაბიჯები, ხელოვნების პირველი გაკვეთილები, საინტერესო მოგონებები და ასოციაციები.
რა იყო ის მთავარი სათქმელი, რისი თქმაც სანდრო მრევლიშვილს თავის დროზე სურდა ფართო საზოგადოებისთვის და რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი?
ცნობილია, რომ ქართული სათეატრო კულტურის საწყისები ჯერ კიდევ იბერთა ტრადიციებსა და რიტუალებში ჩანს. ქართულმა თეატრმა უძველესი დროიდან დღემდე მსოფლიო თეატრის ისტორიის განვითარებისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა საფეხური გაიარა და ის ყოველთვის იყო თვითმყოფადი და გამორჩეული, ამავე დროს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი მსოფლიოში მიმდინარე თეატრალურ, კულტურულ მოვლენებთან. ქართული თეატრი, ქართულ ლიტერატურასთან ერთად, ყოველთვის მედგრად იდგა ქართული ენის, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის სადარაჯოზე. ამასთანავე ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო მსოფლიო თეატრალური ცხოვრების ავანგარდში და ხშირად ახერხებდა კიდეც ამას. და, კიდევ ერთი, ის წარმოადგენს ერთგვარ ხიდს მსოფლიოში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებასა და ქართულ საზოგადოებას შორის.
უცნაურია, მაგრამ ორი საუკუნის წინ თქმული ილია ჭავჭავაძის სიტყვა, დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართულ თეატრს. “ჩვენ ჩვენს სცენას ორ ღვაწლსა ვჰსთხოვთ: პირველი რომ მართლა გამწმენდელი იყოს ჩვენის ცხოვრებისა, ჩვენის ჭკუისა და გულის განმანათლებელი და მწვრთნელი და მეორე იგი უნდა იქმნას იმ ადგილად, სადაც ჩვენი ენა ფეხზედ უნდა წამოდგეს მთელის თავის შვენებითა და სიმდიდრითა. დღეს ჩვენს მდგომარეობაში სცენის მეტი სხვა ისეთი სახსარი არა აქვს რა ჩვენს ხალხს, რომ გონება, გული გაიხსნას და ენაც ავარჯიშოს საჯაროდ, საქვეყნოდ“.
დღეს ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი ერთადერთი ზედამხედველი ჩვენი საკუთარი სინდისი, შინაგანი ცენზორი და ჩვენი მაყურებელია. მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ ილიას ნათქვამი და ჩვენი ენა წმინდად შევინახოთ. ჩემი აზრით, ეს არის თეატრის უმთავრესი მოტივი, ამოცანა და ფუნქცია. იგივე იყო სანდროსთვისაც და სწორედ ამიტომ გასული 50 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა, სცენაზე სამეტყველო ენა ლიტერატურულადაც გამართული ყოფილიყო.
რამდენად რთულია და ზოგადად, რა გრძნობაა იყოთ სანდრო მრევლიშვილის თეატრის ტრადიციის გამგრძელებელი როგორც მისი შვილისა და თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელისთვის?
როგორც გითხარით, თეატრი “მეტეხი“ ჩემი უმცროსი დედმამიშვილია. ეს კი მარტივი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თეატრთან კავშირი არასდროს დამიკარგავს, ცხოვრების დიდი პერიოდი კინემატოგრაფიას მივუძღვენი. პროფესიულად თეატრისკენ შემობრუნება სანდროს დიდი დამსახურება იყო. ეს ჩემთვის ძალიან საფრთხილო და ამავდროულად გაბედული ნაბიჯი იყო. პირველი წლები თეატრში სანდროსთან ერთად გავატარე. 3 წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. მას არასდროს უთქვამს ჩემთვის, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის უსიტყვოდ ვხვდებოდი.
რას საქმიანობს დღეს თეატრი, ვინ არიან მისი დასის წევრები?
მას შემდეგ, რაც კომუნიზმი დამარცხდა და ეკლესიაში წირვა-ლოცვის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, სანდრომ მეტეხის ტაძარი ეკლესიას დაუბრუნა. დაახლოებით 15 წელი გაატარა მეტეხის შენობაში დასმა და კედელზე ერთი ლურსმანიც კი არ დაუჭედებია. ძალიან დიდი მადლია, მავანს გამოსტაცო საეკლესიო სიწმინდე, მოუარო მას წლების განმავლობაში და მერე კვლავ ეკლესიას დაუბრუნო. სწორედ ეს მოხდა მეტეხის ტაძრის შემთხვევაში.
თეატრალური დასისთვის კი მეტეხის დატოვების შემდეგ საქმიანობა არც ისე სტაბილურად წარიმართა. თეატრი ჯერ სანდროს სახლში მოეწყო, შემდეგ ალექსანდრეს ბაღში დროებით კონსტრუქციაში, რომელსაც “გლობუსი“ ეწოდებოდა. მოგვიანებით ის გაუქმდა. რამდენიმე წლის წინ კი, შოთა რუსთაველის #19-ში დაფუძნდა.
სანდრო მიჰყვებოდა კონცეფციას, რომ კარგი თეატრის შესაქმნელად საკმარისია კარგი სცენარი, ორი კარგი მსახიობი და სამი ფიცარი. სწორედ ამ ხედვით ჩამოყალიბდა ჩვენი თეატრი იმ ფორმით, როგორიც ახლა არის. ჩვენთან სცენა და პარტერი 1 მეტრით არის დაშორებული და მსახიობის ხელოვნება, ფაქტობრივად, მაყურებლის ხელისგულზეა. ასეთი წარმოდგენები მოითხოვენ შესრულების განსაკუთრებულ მანერას, დიდ ოსტატობას და სხვა უამრავ ნიუანსს, რომლის გამოძერწვაზეც სანდრომ დაიწყო მუშაობა და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ. ამ მიმართულებას შეიძლება ცოცხალი თეატრი ვუწოდოთ.
თეატრს ჰყავს მუდმივი დასი, ძირითადი ბირთვი, რომელიც ქმნის თეატრის კულტურასა და ტრადიციას. თუმცა ის ყოველთვის ღიაა სიახლეებისთვის. ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი სივრცე გვაქვს. სამი თაობის მსახიობები არიან ჩვენთან და მათ შორის არიან ისინი, ვინც მეტეხში მოწყობილ სცენაზე თამაშობდა.
ვფიქრობ, რომ თეატრის განვითარებისთვის, აუცილებელია თეატრში მუდმივად იცვლებოდეს სამსახიობო ანსამბლი. უნდა არსებობდეს სამსახიობო ბირთვი, რომელიც ინახავს და ავითარებს თეატრის ტრადიციებს და მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს თავისუფალი სივრცე მოწვეული მსახიობებისთვის. ჩვენს ფიცარნაგზე ძალიან საინტერესოდ მუშაობენ მსახიობები, რომლებმაც სანდრო მრევლიშვილთან ერთად ბოლო წლებში იმუშავეს. ჩვენი რეპერტუარი სანდრო მრევლიშვილის რამდენიმე დადგმასაც ინახავს. მათ შორის არის ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “პარტახი“ და “კვერცხი“ ფელისიენ მარსოს მოთხრობის მიხედვით. ტრადიციულად, ვცდილობთ გავხსნათ კარი ახალგაზრდა მსახიობებისა და რეჟისორებისთვის.
ჩემთვის ძალიან ძვირფასია სანდროს სახელობის ჯილდო, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის სცენის დათმობას გულისხმობს. ყოველწლიურად ოთხ ახალგაზრდა რეჟისორს ვარჩევთ, რომელთაც ვუთმობთ სცენას და ვაძლევთ სრულ თავისუფლებას. ის თავისუფალია ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, სამსახიობო დასის შერჩევაში.
რა სიახლეებით იწყებთ ახალ სეზონს?
წელს განსაკუთრებული სიახლე გვაქვს. ჩვენმა თეატრმა, რომლის დირექტორი ზურა ავსაჯანიშვილია და თეატრისთვის ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, თანამშრომლობა დაამყარა ბაზისბანკთან და ახალი სეზონიდან ის იქნება ჩვენი გენერალური სპონსორი. ეს ბევრი მიმართულებით დაგვეხმარება. ბანკის წარმომადგენლები იმდენად მოტივირებულები არიან, რომ დარწმუნებული ვარ, მრავალმხრივ დაგვეხმარებიან. თეატრს, რომელსაც ამხელა ისტორია და გამოცდილება აქვს, ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა. თბილისის მერიის მხარდაჭერით ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ და ახლა ბაზისბანკთან ერთად უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ამისთვის.
რაც შეეხება სპექტაკლებს, სეზონს 2 პრემიერით ვხსნით. 4 ოქტომბერს გაიმართება “დეპუტატი დრამატურგი“ სპექტაკლის პრემიერა, რომლის რეჟისორიც მე გახლავართ. ის შექმნილია ალდო დი ბენედიტის “სიყვარულის სუბლიმაციის“ მიხედვით. მასში თამაშობენ ბადრი ბეგალიშვილი, ნანკა გვარიშვილი და კახი ლიპარტელიანი.
მეორე პრემიერა კი 19 ოქტომბერს გაიმართება და გახლავთ ლაშა გოგნიაშვილის “მარლენი“. ის მოგვითხრობს მარლენ დიტრიხის უკანასკნელი დღის შესახებ. მონაწილეობენ ციცინო ედიბერიძე, რომელიც ჯერ კიდევ მეტეხის თეატრის სცენაზე თამაშობდა და ჯულია პაკელიანი. მსახიობები ძალიან საინტერესო პორტრეტებს ქმნიან და მაყურებელს კარგ დრამას შევთავაზებთ.
სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ TKT.GE -სა და BILETEBI.GE-ზე, ასევე თეატრის სალაროებში, სპექტაკლის დღეს, 17.00 საათიდან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბაზისბანკის სახით, გვყავს საიმედო მხარდამჭერი და გვაქვს ამბიციური გეგმები, შესაბამისად, მაყურებელს საინტერესო სეზონს ვპირდებით. როგორც სანდრო იტყოდა - “ყოველ საღამოს 8 საათზე სულმოუთქმელად ველოდები მაყურებელთან პაემანს“.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press