Foto

კახა კალაძე - რეზოლუციებს ფასი არ აქვს - გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა

გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული იმ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.  

მისი თქმით, სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც სასჯელს იხდის. 

„გულწრფელად ვამბობ, რომ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ვიცით, თუ როგორ იწერება ისინი. გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა. რა არის აღნიშნული რეზოლუციის შინაარსი? - გვეუბნებიან, გამოუშვით სააკაშვილიო. წარმოგიდგენიათ?! იღებენ რეზოლუციას, რომლითაც გვეუბნებიან, რომ ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამისთვის სასჯელს იხდის, უნდა გათავისუფლდეს. ასე ფუთავენ, რომ თურმე ეს არის დემოკრატია. ასევე, საუბარი იყო ლგბტ პროპაგანდაზე. ამ დროს კი მარტივი მოცემულობაა - ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას. ადამიანის უფლებებს უდიდეს პატივს ვცემთ და საზოგადოებას უმრავლესობად და უმცირესობად არ ვყოფთ. პირობითად თქვენ, ვისთან რას აკეთებთ და როგორ, ეს არც ჩემი და არც საზოგადოების საქმეა. ეს თქვენი პირადია და შეგიძლიათ, შეინახოთ თქვენთვის. ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, მსგავსი შეფასებები პოლიტიკური პროცესებში გარკვეული ინსტრუმენტია, რომლითაც მოქალაქეების დაპირისპირებას ცდილობენ. 

„თქვენ გიცავთ კანონი, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს ამ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა ადამიანების დაყოფა და რაღაც მიამრთულების პროპაგანდა, რომელიც ერთ-ერთი ინსტრუმენტია პოლიტიკურ პროცესებში, რათა გამოყენებული იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მოქალაქეების დაპირისპირება შედგეს და პოლარიზება გაღრმავდეს. ესეც ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და კიდევ ბევრი რამ. ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ დღეს. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება - რა არის ერთ მხარეს და რა მეორე მხარეს“,- აღნიშნა თბილისის მერმა. 

კითხვაზე - რა მოლოდინები აქვს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი, კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი რეზოლუციებით, მიზანმიმართულად ითხოვდნენ, საქართველო შეერთებოდა რუსეთის წინაამდეგ სანქციებს, რომლითაც ისევ ქართველი ხალხი დაზარალდებოდა. 

„უამრავი მსგავსი რეზოლუცია გვინახავს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ იცავს თავისი ქვეყნის, ხალხის, ინტერესს? საკუთარ ქვეყანას იცავს. ვინ დაზიანდებოდა, სანქციებს რომ შევერთებოდით? ეკონომიკურად ვინ მიიღებდა ამ ზიანს? - მიიღებდა მაგალითად, ის გლეხი, რომელიც კახეთში შრომობს, წვალობს იმისთვის, რომ რაღაც შექმნას, გააკეთოს, მერე ამ პროდუქტის რეალიზება მოახდინოს. თუ ამ ყველაფერს ჩავუკეტავთ, ვინ დაზარალდებოდა? ისევ ის გაჭირვებული მოქალაქე დაზარალდებოდა. ესეც მიზანმიმართულად კეთდებოდა, რათა ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი განეცადა, შექმნოდა პრობლემები და მერე ხალხს ექნებოდა აბსოლუტური ლეგიტიმაცია იმისა, რომ მოვიდეს და ხელისუფლება ჩამოგამხოს. იმიტომ გირჩევს ხალხი და იმიტომ გიჭერს მხარს, რომ ვალდებული ხარ, გაატარო ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაიცავს ხალხის, სამშობლოს ინტერესებს. ამიტომაც არის, რომ უკვე 12 წელია „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.