Foto

თამარ კორძაიას განცხადებით, წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.

როგორც კორძაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა პარტიამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს "აგებს" და "ჩართო სახელისუფლებო მანქანა, რათა საქართველოს მოქალაქეები დააშინოს ან მოისყიდოს". 

კორძაია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

"არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს  მოქალაქეები. 

მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა "ქართული ოცნება". 22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში.

ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ",- განაცხადა კორძაიამ.