როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პაპუაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ უკვე დაასრულა.
მისივე თქმით, ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს აპროტესტებს.
აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 2023 წლის მარტსა და 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გასული ადამიანები არ წარმოადგენდნენ სამოქალაქო საზოგადოებას და ისინი რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ იყვნენ მობილიზებული.
„ამ დროისთვის, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა. ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს აპროტესტებენ. მეტიც, კიდევ 300 ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია.
ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე პოლიტიკური არასამთავრობოსა და მათი დონორების მუქარის მიუხედავად, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება შეეწინააღმდეგებოდა მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.
ცხადი გახდა ისიც, რომ 2023 წლის მარტში და 2024 წლის მაისში ქუჩაში ძალადობრივი პროტესტით გამოსული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოებას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, მათი პოლიტიზებული არასამთავრობოებისა და პარტიული ტელევიზიების მიერ იყვნენ მობილიზებულნი.
ნამდვილმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა. საქართველოში რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი არაკომერციული ორგანიზაციიდან 25 000-მდე ორგანიზაცია უკვე წლებია, უმოქმედოა.
აქტიური ორგანიზაციებიდან, როგორც ჩანს, უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისთვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა. ამგვარად, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების 75 პროცენტზე მეტისთვის „გამჭვირვალობის კანონი“ პრობლემას არ წარმოადგენს.
და ჰოი საოცრებავ, სამყაროს დაპირებული დასასრულის მიუხედავად, მზე კვლავ დაჰნათის საქართველოს ულამაზეს სოფლებსა და ქალაქებს“,- წერს პაპუაშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. აღნიშნული კანონის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შევა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press