Foto

ივანიშვილი - 2003 წლიდან საქართველოს გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი მართავდა

2003 წლიდან საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი, ტერორი, მკვლელობა, წამება, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყოველდღიურობა იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში მიტაცებული იყო სახელმწიფო, მიმდინარეობდა ოპონენტების დევნა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება”.

„2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყოველდღიურობა იყო. 

მიტაცებული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამკვდარი პოლიტიკური პროცესი, ოპონენტების დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება; წამების ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემა, ციხე, როგორც ჯოჯოხეთი; მონოპოლიზებული და პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებული მედია, პრეზიდენტს, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილი ზღვარი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.