Foto

ISFED - „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ რიტორიკასა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა

"სამართლიანი არჩევნები" (ISFED) 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. 

როგორც ISFED-ის ანგარიშშია აღნიშნული, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა. 

"წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ადამიანის უფლებათა შემლახავ და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ ნაბიჯებს შორის იყო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღება",- ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კრიტიკული მედიების "მთავარი არხის" "ტვ პირველის" და "ფორმულას" მიმართ.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა კრიტიკულ მედიასაშუალებებთან მიმართებით.

არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით არსებული დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში. სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და წინა წლებში, ძირითადად, ანტიდასავლურ გზავნილებს, კერძოდ კი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებდა, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა",- ნათქვამია ანგარიშში.