Foto

26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს

26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. საპარლამენტო არჩევნები, პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 150-ვე მანდატი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

ასევე, პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება - ელექტრონული არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე გაიმართება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათგან 3 113 747 ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა.

ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.  

გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს:

41 - „ქართული ოცნება“

5 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

4 - „კოალიცია ცვლილებისთვის“ 

9 - „ძლიერი საქართველო“

25 - „გახარია საქართველოსთვის“

8 - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

10 - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

36 - „გირჩი“

23 - „ჩვენ“

6 - „ევროპელი დემოკრატები“

17 - „საქართველო“

12 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

26 - „მემარცხენე ალიანსი“

20 - „თავისუფალი საქართველო“

21 - „ტრიბუნა“

16 - „შეცვალე საქართველო“

27 - „ქართველ ერთობა“

3 - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“.

საქართველოს პარლამენტის გარდა, 26 ოქტომბერს სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი, 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, ასევე პროცესს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი გააშუქებს.