Foto

კობახიძე - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ცესკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები აღიაროს

მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის რეფერენდუმი იმართება.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები; რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები; 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის; ეს არის რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის; ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში და ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ ჩვენ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას და ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური განვითარება და მშვიდობიანი განვითარება... მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები“,- თქვა კობახიძემ.