Foto

ოქრიაშვილი ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!

გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები! - ასე მიმართავს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. 

ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

„საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ოპოციზია და ქართველი ხალხის საუკეთესო, უდიდესი ნაწილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. საერთაშორისო საზოგადოება - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, შვედეთი, კანადა და სხვები არჩევნების  გაყალბების გამოძიებას ითხოვენ და მის შედეგებს დემოკრატიულად, ე.ი. კანონიერად არ მიიჩნევენ. ასეთია მოცემულობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. 

სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იძენს ე.წ. ძაბრისებრ ეფექტს, რასაც მოვლენები იქამდე მიჰყავს, რომ პოლიტიკური მანევრირების სივრცე მცირდება და მალე პროცესი სრულად გაიჭედება.

არც მინდა იმაზე საუბარი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ამ ისედაც დაძაბული ვითარების სრული გაჭედვა. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში, როცა პატარა შეცდომასაც დიდი განვითარება შეიძლება მოჰყვეს, ლიდერების გადაწყვეტილებები ძალზე მნიშვნელოვანია. 

ამ ვითარებაში, მინდა ყურადღება გავამახვილო ბატონი ივანიშვილის, როგორც ლიდერის პერსონაზე. დიახ, მას აქვს ძლიერი ინტუიციის გრძნობა და ანალიზის უნარი, თუმცა აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები და კრედო, ყველაფერს ყოველთვის ბოლომდე „მიაწვეს“, ამ პროცესში კი ფსონების დადება და გაორმაგება ახასიათებს. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს - ივანიშვილი ფიქრობს, რომ შეცდომას არასდროს უშვებს და ეს უკვე მარტო მისი კი არა, ჩვენი ქვეყნის პრობლემაცაა. ეს ჩემი აზრია.
ჩემთვის ამ ვითარებას უინსტონ ჩერჩილის სიტყვები ესადაგება - „არასდროს დანებდე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სინდისს და საღ აზრს“!  

გასაგებია ივანიშვილის შეუპოვრობაც და ბოლომდე „მიწოლაც“, როცა საუბარი მხოლოდ მის პირად ინტერესებზეა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, არც ბიძინა ივანიშვილს და არავის სხვას, არ აქვს უფლება, ფსონად ქვეყანას ჩავიდეს და მისი ბედით ითამაშოს. 

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ დღესვე, ყველაზე მარტივად შეგიძლიათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ სიტუაცია განიმუხტოს. გააუქმეთ არჩევნების შედეგები და დანიშნეთ ახალი არჩევნები. ეს პროცესი მაინც გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება მოხდეს მტკივნეული მოვლენების ფონზე. ამ მოვლენებიდან კი გამარჯვებული ვერც თქვენ გამოხვალთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყანა - აქ გამარჯვებული არ არსებობს! 

მოგიწოდებთ, თუ მართლა გიყვართ საქართველო, გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და მიეცით ამ ქვეყანას გამარჯვების შანსი!“ - მიმართავს ოქრიაშვილი ივანიშვილს.