Foto

ევროკომისიის ანგარიში - კომისიის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამავდროულად დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო,- ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც საქართველოს შესახებაა საუბარი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ უნდა მიიღოს ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად და გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

"საქართველომ უნდა გააუქმოს საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდზე მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ, შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა",- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც აღნიშულია, რომ არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამავდროულად დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებით გამოვლინდა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში მოხდა. დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში.

გარდა ამისა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს 2023 წლის ოქტომბრის თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის. საანგარიშო პერიოდში არ იყო პროგრესი საკონსულტაციო პროცესებში ან კანონპროექტებში და პოლიტიკის დოკუმენტებში წვლილის შეტანის კუთხით, არც სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული ჩართულობის კუთხით", - აღნიშულია ანგარიშში.