Foto

ან თქვას, რომ ჭორაობდა საერთაშორისო პრესასთან, ან მტკიცებულებები წარმოადგინოს - პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

გუშინ ნახეთ, რომ არ აპირებს, მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა მან ქართული, თუ ზოგადად, სისხლის სამართლის სისტემის. ამბობს, რომ მე დავაბრალე და მათი ამოცანაა, რომ გამოიძიონ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლაზე უართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი „ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა“. 

„მე ვთქვი, რომ ვიღაცა არის სპილო, ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახში არის სპილო, რატომ უნდა მოვიტანო რამე მტკიცებულება - ეს თქვა გუშინ ქალბატონმა სალომემ, რომელიც წლები იყო პარლამენტის წევრი; წლებია, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა.

მან თქვა „ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში: არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი, როგორიც არის ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, დაახლოებით, 17-ჯერ იყო შესაძლებელი. ეს არის პირდაპირი ბრალდება, რომ ერთი მოწმობით 17-ჯერ შესაძლებელია, ხომ არ თქვა 16, არ თქვა 18, არც 19 უთქვამს - 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან და გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით.

ამიტომ, გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19. ეს ხომ არ არის რაღაც ზოგადი განცხადება „ვფიქრობ რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს“ -  თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალი, კონკრეტულად რა არის გაკეთებული, რომ ერთი პირადობით 17-ჯერ იყო ხმა მიცემული. ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“,- ამბობს პაპუაშვილი.