ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს.
ქურდოვანიძის თქმით, თუ ფარულობის დარღვევა სისტემურია, მიუხედავად იმისა, ყველა ამომრჩევლის არჩევანი გამჟღავნდა თუ არა, შედეგების ბათილობას იწვევს, რადგან ფარულობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე, არჩევნები არჩევნებად ვერ ჩაითვლება.
„რამდენიმე სიტყვით შევაჯამებ საიას არგუმენტებს ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. არსებობს ფარულობის დარღვევის სხვადასხვა პრაქტიკა. ფარულობის დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევები - როდესაც ამომრჩეველს კაბინაში ვინმე შეჰყვება და მის არჩევანს აკონტროლებს; როდესაც ამომრჩეველი თავად ამჟღავნებს, ვის მისცა ხმა; როდესაც კომისიის წევრი ართმევს ბიულეტენს, ხსნის ჩარჩო კონვერტს და ხედავს არჩევანს და ა.შ. და არსებობს ფარულობის იმ ტიპის დარღვევა, როდესაც არჩევნების ინფრასტრუქტურა იმგვარია, რომ ფარულობის დაცვას სისტემურად ვერ უზრუნველყოფს.
საიას მიდგომა ამგვარია - ინდივიდუალური შემთხვევები, თუ ის კონკრეტულ უბანზე განმეორებადი ქცევა არ არის, ან სხვა დარღვევებთან კომბინაციაში არ გვხვდება, უბნის შედეგების ბათილობის საკითხს არ აყენებს დღის წესრიგში. თუმცა, თუ ფარულობის დარღვევა სისტემურია, მიუხედავად იმისა, ყველა ამომრჩევლის არჩევანი გამჟღავნდა თუ არა, შედეგების ბათილობას იწვევს, რადგან ფარულობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე, არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ფარულობა არჩევნების მთავარი პრინციპია.
როდესაც სადამკვირვებლო მისია გაქვს, კენჭისყრის დღის სპეციფიკა იმგვარია, რომ დილიდან უბნებიდან დამკვირვებლების მიერ შემოსული ინფორმაციის აღიცხვას იწყებ. დღის განმავლობაში თუ ცალკეულ უბნებზე არსებულ დარღვევებს წარუდგენ საზოგადოებას, თანდათან იწყებ დარღვევების მასშატბების გამოკვეთას და მის ანალიზს. ასე მოხდა ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც. დღის განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია უბნებზე კამერების შესახებ, ასევე, ცალკეული შემთხვევები უბნებიდან, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა კვალი. დღის ბოლოს, როდესაც მათ შორის, ხმის დათვლა დასრულდა, მიღებული ინფორმაცია გვაძლევდა იმ სურათს, რომ ხმის ფარულობის პრობლემა სისტემურად დაგვენახა და სწორედ ამიტომ, საიას მისიის კენჭისყრის დღის განცხადებაში სამი ძირითადი დარღვევის პატერნიდან ერთ-ერთი იყო ფარულობის დარღვევის ეს ფორმა (დანარჩენი ორი იყო მარკირების პროცედურების დაუცველობა და დამკვირვებლებისათვის მტრული გარემოს შექმნა).
საიას სადამკვირვებლო მისიის ამოცანაა, რომ მას შემდეგ, რაც აქვს კენჭისყრის დღის სრული სურათი, საკუთარ დაკვირვებებს და გამოკვეთილ დარღვევებს სამართლებრივად უპასუხოს. ამიტომ, ეს დარღვევები უნდა გადაიტანოს დავის სტრატეგიებში. სწორედ ამისთვის, სადამკვირვებლო მისიას არჩევნების დღის შემდგომ აქვს სამი დღე, რომ ეს დავები ჩამოაყალიბოს. ჩვენს მისიას წარდგენილი აქვს ასობით სხვა მოთხოვნა ინდივიდუალურ, თუ განმეორებით დარღვევებზე რეაგირების შესახებ, მაგრამ ისინი ვერ ფარავდა ხმის ფარულობის სისტემურ პრობლემას. ჩვენი ვალდებულება იყო, გვეპასუხა ფარულობის დარღვევის სისტემურ პრობლემაზე. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჰქონია გამოცდილება, ფარულობის დარღვევის ასეთ სისტემურ პრობლემაზე სამართალწარმოება დაეწყო, დავის ამ სტრატეგიამდეც გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივედით.
მესმის, რომ არ არის მარტივი, როდესაც ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო ამომრჩევლის ხმების 90%-ის ბათილობას ითხოვ, თუმცა, ამის გასაჩივრებაზე უარის თქმა, მაშინ, როდესაც მისი მასშტაბები დაინახე, იქნებოდა თვალის დახუჭვა ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლების დარღვევაზე.
ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ იმ 2 263 უბანზე, რომლის ბათილობასაც ვითხოვთ, ვინმემ ზუსტად იცის, თითოეული ამომრჩევლის არჩევანი რა იყო. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ბიულეტენი მეორე მხარეს ტოვებდა კვალს, რაც შეცურებისას არღვევდა ფარულობის პრინციპს.
ისმის მოსაზრებები, რომ თუ სწორად მოათავსებდა ამომრჩეველი კონვერტში ბიულეტენს, გაფერადებული უკანა მხარე არ გამოჩნდებოდა. ეს არასწორი არგუმენტია, რადგან ბიულეტენი არ ცურდება კონვერტთან ერთან ან იმ სისწრაფით, რომ კონვერტიდან როდესაც აპარატში შეცურებას იწყენს, გაფერადებული წრის დანახვა ვერ მოასწრო. ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები, რომ შეცურებისას საცდელი წრის შემდგომ, მეორე გაფერადებული წრეც (პარტიისთვის მიცემული ხმა) ჩანს.
გარდა ამისა, ზოგჯერ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და უკან აბრუნებს, ეს ბიულეტენები ხელახლა უნდა შეაცუროს ამომრჩეველმა აპარატში. როდესაც ეს ბიულეტენი უკან ბრუნდება, ის რა თქმა უნდა, ჩარჩო კონვერტის გარეშეა და ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტში სწორად ჩადო თუ არა, ამ შემთხვევას ვერ აზღვევს.
ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, ცესკომ 190-გრამიანი ოფსეტური ქაღალდი შეიძინა თუ არა, ჩვენ არ ვართ ქაღალდის ექსპერტები, რომ ამ ტერმინებით მივხვდეთ, ეს ფარულობას დაარღვევს თუ არა, მით უფრო, მარტო ქაღალდიც არაფერს გეუბნება, თუ არ იცი მარკერის პარამეტრები და არც მარკერის სპეციალისტები ვართ. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია“,- აცხადებს ქურდოვანიძე, რომლის კომენტარსაც საია ავრცელებს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press