Foto

გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნების პერიოდში, საქართველოში რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი იმყოფებოდა - ბეჟაშვილი

მოვითხოვთ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება რუს პროპაგანდისტ ალექსანდრე მალკევიჩზე, სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ პირზე. რატომ გასცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის განცხადებით, “გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნების პერიოდში რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრე მალკევიჩი იმყოფებოდა, რომელიც სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის უხეში დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვა“.

“გასაგებია ამ ადამიანის მიზანი, ის არის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ ძებნაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. მისი მთავარი ბრალდება იყო ამ ქვეყნების არჩევნებში მონაწილეობა, რუსული გავლენის პროპაგანდირება და რუსეთის სასარგებლოს მოქმედება. შესაბამისად ადვილი არის  მივხვდეთ თუ რა დავალებები ჰქონდა რუს პროპაგანდისტს საქართველოს არჩევნებში.

ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვკვეთეთ რა როლი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ პროცესებში. მოვითხოვთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ვისი დავალებით და როგორ გაიცა სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ პირზე შესაბამისი სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია და გამოძიებული იყოს რეალურად მისი მიზნები, რაც ამ ადამიანს ჰქონდა საქართველოს არჩევნებში.

ფაქტია, რომ რუსული ზეგავლენა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში აშკარა იყო, ამაზე საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამას მოვითხოვთ საქართველოს პროდასავლური ოპოზიციაც, გამოძიებული იქნეს რუსული გავლენები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რუსეთმა ისე როგორც 2012 წელს, 12 წლის თავზე, საქართველოში არჩევნების გზით ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია ივანიშვილის და ქართული ოცნების გამოყენებით. ამ სქემას სჭირდება გამოძიება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ფაქტორების მხრიდან“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.