Foto

„ჩემი ხმა“ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ცესკოს მდივნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილე გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თოლორაიას თქმით, საქმე სამოხელეო დანაშაულს ეხება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ, გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის გამო, შეცვალა კანონი, რაც საზოგადოების კრიტიკის საგანი იყო. როგორც დღეს უკვე ჩანს, მმართველი პარტიისთვის პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა იყო მნიშვნელოვანი სწორედ საარჩევნო პერიოდში პარტიის ინტერესების გასატარებლად. 

ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ სასურველი სქემის ხელშესაწყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურები მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია, ამ ეტაპისთვის არარეალისტურია, თუმცა ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან სახეზეა, სულ მცირე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სამსახურებრივი გულგრილობა, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სხვა საარჩევნო დანაშაულებთან ერთობლიობაში. ამიტომ, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე“,- განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.