Foto

როთი - სანამ ნათელი არ მოეფინება, EU ამ არჩევნებს ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს - თუ არ იქნება გამოძიებული, ინდივიდუალურ სანქციებს მოვითხოვთ

სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირი ამ არჩევნებს ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც როთმა აღნიშნა, თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარდება, ინდივიდუალურ სანქციებს მოითხოვენ და საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზეც იქნება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ მოხდეს გამოძიება ამ სერიოზული განაცხადებისა... მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება არ შეიძლება არ იყოს უზრუნვეყოფილი, ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ. სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირი ამ არჩევნებს ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელჩაკიდებული უნდა მიდიოდნენ და მან, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხდოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი და ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“,- განაცხადა როთმა [სინქრონული თარგმანი].

შეგახსენებთ, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.