Foto

როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები - წარსულია - სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, პანღურებით გაყრიდნენ - კალაძე

ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპული დელეგაციის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე. 

კალაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მოწოდებები, რათა ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს. 

„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლო წლებია პირდაპირ ვლაპარაკობთ, არ გვერიდება. ზუსტად ეს არის ის დამოკიდებულება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ყველა ღირსეული ქართველისთვის. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, გვყავს ასეთები ქვეყნის შიგნით, რომლებისთვისაც საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიაა, თუმცა ქვეყანაში გვყავს უმრავლესობა ადამიანების, რომელთათვისაც საქართველო არის სამშობლო, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, უყვართ ეს ქვეყანა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს არჩევნებზე. ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა. ეს არის პირდაპირი მოწოდებები ქვეყანაში, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, საზოგადოება გაიხლიჩოს, რასაც ბოლო წლებია ვისმენთ. ხედავთ, კონკრეტულ დაფინანსებებს, ეს არის ქვეყნის მტრობა. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“,- განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მომავლისთვის. 

„მიხაელ როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები - ეს არის წარსული. გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო და ნახეთ ეს ყველაფერი - უბინძურესი განცხადებები და ქმედებები, რასაც ეს რამდენიმე პოლიტიკოსი აკეთებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, იმ წამსვე პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან. აი, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ, თუმცა ძალიან მაგარია, რომ ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს. ზურგის ტვინით გრძნობს ქართველი ხალხი არსებულ მოცემულობას, გამოწვევებს, საფრთხეებს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი ხვალინდელი დღისთვის“,- აღნიშნა კალაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. ევროპელ ლიდერებს შეხვედრაზე უარი უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. გუშინვე, დელეგაციის წევრები პარლამენტის სასახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.