Foto

ენტონი ფაუჩი: COVID-19-ის ახალი ვარიანტების დამარცხების საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, COVID-19-ის ახალი და უკვე გავრცელებული ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. 

"ყველაზე მარტივი, საუკეთესო და ეფექტური გზა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენა და დავამარცხოთ უკვე გავრცელებული დელტა ვარიანტი, მოსახლეობის აცრაა". – თქვა ფაუჩიმ CNBC-სთან ინტერვიუში. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში ახლად გავრცელებული COVID-19-ის ვარიანტების თითქმის 83% დელტა შტამზე მოდის, რომელიც მაღალი გავრცელების შესაძლებლობებითა და საშიშროებით გამოირჩევა. 

"ეს ვირუსი აშკარად განსხვავდება იმ სხვა ვირუსებისა და ვარიანტებისგან, რომელთა გამოცდილებაც ადრე გვქონდა. დელტა შტამს ადამიანებში გავრცელების გასაოცარი შესაძლებლობები აქვს." – თქვა ფაუჩიმ. 

მიუხედავად ამისა, ავტორიზებული ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ მაღალეფექტიან დაცვას იძლევიან. 

The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ 88%-ა.  AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა კი 67%-ა.