Foto

Reuters - ჯოზეფ ბორელი EU-ს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს სთავაზობს, ღაზას სექტორში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო, ისრაელთან პოლიტიკური დიალოგი შეაჩეროს. ამის შესახებ Reuters-ი 4 დიპლომატსა და სააგენტოს მიერ ნანახ წერილის შინაარსზე დაყრდნობით წერს.

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ბორელი უთითებს, რომ არსებობს „სერიოზული შეშფოთება ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ“ და  რომ „ეს შეშფოთება ისრაელის მიერ ჯერჯერობით საკმარისად განხილული არ არის“.

„ზემოხსენებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მე წარვადგენ წინადადებას, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა პუნქტი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების მიზნით“,- აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის წერილში.

როგორც სააგენტო წერს, ევროკავშირის მიერ ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა დასჭირდება, რაც დიპლომატების თქმით, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს“.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა გასულ კვირას გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ომში დაღუპულთა თითქმის 70% ქალები და ბავშვები არიან.

ოფიციალურმა ისრაელმა გაეროს მოხსენება კატეგორიულად უარყო.