Foto

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, “რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, კენედის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

“ყველა ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ნებისმიერი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია. ჯანდაცვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიური ნივთიერებების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის კრიზისის შექმნაში“,- აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, რობერტ კენედი უმცროსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მან მხარი დონალდ ტრამპის კანდიდატურას დაუჭირა.