Foto

კალაძე ზურაბიშვილზე - ცდილობს, როგორმე თანამდებობა შეინარჩუნოს, თუმცა ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტს „ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი“.

„სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, რეალურად მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი. რა იქნება საქართველოში, ამის ინტერესი საერთოდ არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, თბილისის მერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. 

„ეს ჩვეულებრივი სისულელეებია. ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუკი მართლა რაიმე იყო არასწორად გაკეთებული, თუკი ვინმემ არჩევნები გააყალბა, როგორც თვითონ ამბობენ, ერთი ფაქტი წარმოადგინონ, ხომ შეიძლება? მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ მიმდინარეობს ეს სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გაჯერებულია სიცრუით“,- აღნიშნა მან. 

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიზანი ქვეყნის იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა. 

„მიზანი არის მარტივი - როგორმე დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. ის არის გავლენების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მას ჰყავს პატრონები და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს. როდესაც ხარ აგენტი, სხვა გამოსავალი არ გაქვს - რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. კითხვის დასმის უფლებაც არ გაქვს. აი, დღეს ამ რადიკალების სახით ვხედავთ მოღალატეებს, აგენტურას, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ“,- განაცხადა კალაძემ.