Foto

მინდა, პირობა დავდო: პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს - პაპუაშვილი

ჩვენი სამშობლო აგრძელებს 34 წლის წინ მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე სიარულს. წინა მოწვევის პარლამენტმა ყველას აჩვენა, რომ ჩვენი პატარა ერისთვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წმინდა რამაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „მსოფლიოში არსებობენ ერები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არათუ სახელმწიფოს, მამულის გარეშეც კი. მათ თავისი გადარჩენის ფორმულა ასეთ პირობებში გამოიმუშავეს. ქართველების ცხოვრების წესი და ბუნება კი სხვაა“. 

„ჩვენი გადარჩენის ფორმულა ჩვენს თვითმყოფადობასა და სახელმწიფოებრიობაშია. ამიტომაც იყო, რომ მაშინაც კი, როდესაც უცხო მმართველობას გვახვევდნენ თავს, ქართველები ყოველთვის პოულობდნენ გზას, სივრცეებს, სფეროებს დამოუკიდებლობის მცირე კუნძულების შესაქმნელად. ეძებდნენ და პოულობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს სამიათასწლოვან გენეტიკურ მეხსიერებაში გვაქვს ის, რასაც ილია ჭავჭავაძემ 160 წლის წინ ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი ფორმულის სახე მისცა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამი მთავარი საუნჯე - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. 

სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა თავმჯდომარედ ამირჩია, მე დავდე პირობა, რომ თქვენთან ერთად, ვიდგებოდი საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. მე-10 მოწვევის პარლამენტმა ეს განსაკუთრებით შეძლო. 

ახლაც, მინდა თქვენს წინაშე და თქვენთან ერთად დავდო პირობა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

ეს იქნება ჩვენი გეგმაც და ჩვენი მიზანიც. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.