Foto

კობახიძე - ყაველაშვილის ზეპარტიულობა მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ხელი შევუშალოთ

თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ "ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს".

"თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას.

მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.