Foto

ჯანსაღი ოპოზიცია მართვის გაუმჯობესების კუთხით, ჩვენთვის სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი იქნებოდა - კობახიძე

ჯანსაღი ოპოზიცია მართვის გაუმჯობესების კუთხით, ჩვენთვის სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი იქნებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, წინა 4 წლის განმავლობაში არცერთი პრობლემის მოგვარებაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

“როდესაც ხარ ბოლომდე მომართული დესტრუქციისკენ, იქ საერთოდ არ გაწყობს შენ ჯანსაღი ოპონირება, შესაბამისად, ვერავითარი წვლილი ვერ შეგაქვს სისტემის გაჯანსაღებაში. დღესაც არის, რა თქმა უნდა, სისტემაში არაერთი პრობლემა. არ არსებობს სახელმწიფო პრობლემების გარეშე, სადღაც შეიძლება უფრო ეფექტურად იმართებოდეს პროცესები, სადღაც შეიძლება იყოს კორუფციის პრობლემები და ა.შ. არის უზარმაზარი სისტემა და ამას სჭირდება მუდმივი კონტროლი, მუდმივი მართვა.

რა თქმა უნდა, ჯანსაღი ოპოზიცია რომ არსებობდეს, ეს ჩვენთვის იქნებოდა სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი მართვის გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ოპოზიციას, ისე NGO-ებს და სხვა შესაბამის სუბიექტებს აქვთ ზუსტად ნულოვანი წვლილი შეტანილი სისტემის გაჯანსაღებაში. თუ სადმე კორუფციის პრობლემას ვხედავდით, თუ სადმე მართვის ეფექტიანობის პრობლემას ვხედავდით, ყველგან ამ პრობლემების გამოსწორება გვიწევდა საკუთარი ხელით და არა ოპოზიციის დახმარებით და მხარდაჭერით და არც NGO-ების მხარდაჭერით და დახმარებით, იმიტომ, რომ ისინი არიან მთლიანად მომართული დესტრუქციისკენ და ეს არის მათი სულისკვეთება, რატომ, იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ მთლიანად დავალებებით.

მათ რომ ჰქონდეთ ელემენტარული პატრიოტიზმი, მოვიდოდნენ და მართლა ჯანსაღად გეტყოდნენ რაღაცას, რომ ეს არის გამოსასწორებელი და იქნებ ამაზე იმუშაოთ, მაგრამ არა, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის დესტრუქცია, პოლარიზაცია, რადიკალიზმი იმიტომ, რომ ეს არის მათი  ერთადერთი დავალება. ერთადერთი, რაც მათ აქვთ დავალებული, არის სწორედ დესტრუქცია, რადიკალიზმი და არავითარ შემთხვევაში ქვეყანაში კონსტრუქციული პროცესებისთვის ხელის შეწყობა“,- განაცხადა კობახიძემ.