Foto

მოვუწოდებ „ოცნებას“, საქართველო ევროკავშირისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს - დანიგანი

მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.

როგორც დანიგანი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია მხარს უწერენ.

„ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.

გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და  ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად. მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია. მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია და ჟურნალისტი ანა მდივანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ასევე, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდნენ.