Foto

შრომის ინსპექცია - ინფორმაცია, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება

გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა. 

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი, გათავისუფლების შესახებ დააფიქსირებს სურვილს, შრომის ინსპექციის სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს შეზღუდულა. შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან",- ნათქვამია განცხადებაში.