ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა იქნება დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვის და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში და დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში 2017-2019 წლებში კურტ ვოლკერმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლკერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მოლოდინები მთლიანად მცდარია - ტრამპი ღიად „ანტიამერიკული“ განწყობების მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას არასდროს აღადგენს.
„ქართული ოცნების“ მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე. გავიხსენოთ ანაკლიის პორტი - ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება“,- განაცხადა ვოლკერმა.