Foto

ხობში, პოლიციის თანამშრომლებს სპორტსმენები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ხობში, პოლიციის თანამშრომლებს სპორტსმენები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სპორტსმენებთან განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

შემთხვევა ხობის ცენტრში მოხდა. სასურსათო მაღაზიასთან მყოფ რამდენიმე პირს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რა დროსაც მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. 

დაკავებულები ფოთის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი, მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. 

მომხდარზე დაკავებული 4 პირიდან ორ მათგანთან მიმართებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ ორზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დაიწყო.