Foto

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ცოტა ხნის წინ Axios-ის გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამშვიდობო მოლაპარაკებები საუდის არაბეთში სამშაბათს, 18 თებერვალს გაიმართება. თარიღის შესახებ ინფორმაციას, Reuters-ის ცნობით, ადასტურებენ რუსულ მედიაშიც. 

რუბიომ 16 თებერვალს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებას. 

ამასთან, 15 თებერვალს რუბიო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ  ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული "ბარიერების" მოხსნა განიხილეს.

Reuters-ის ცნობით, რეგიონშია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გამოცემის ცნობითვე, 16 თებერვალს ჩავიდა და განაცხადა, რომ ვიზიტს საუდის არაბეთში და თურქეთშიც აპირებდა. ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ ვიზიტის ფარგლებში იგი რუს ან ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას არ აპირებს. 

ამასთან, Axios-ს გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ უკრაინას აშშ-სგან მოლაპარაკებებზე მიწვევა არ მიუღია. 

საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.