2025 წლის 4 მარტს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა.
პრეზიდენტმა ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმიგრაციის რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას და ლეგალური იმიგრაციის სისტემის გაუმჯობესებას.
,,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში - ბევრი მათგანი იყვნენ მკვლელები, ადამიანებით მოვაჭრეები, ბანდის წევრები და სხვა კრიმინალები მთელი მსოფლიოს საშიში ქალაქების ქუჩებიდან. ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“
ისაუბრა გრენლანდიასთან დაკავშირებითაც.
„მაქვს მესიჯი არაჩვეულებრივი გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვცადოთ მისი მიღება. მაგრამ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მივიღებთ - ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებს და გააკრიტიკა ოპოზიციის მცდელობები, რომლებიც მისი დღის წესრიგის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.
"ამერიკის იმპულსი დაბრუნდა. ჩვენი სული დაბრუნდა. ჩვენი სიამაყე დაბრუნდა. ჩვენი თავდაჯერებულობა დაბრუნდა. ამერიკული ოცნება იზრდება - იმაზე უფრო მეტად და უკეთესად, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია. ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ აღავდგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ მოიხსნება თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ჭაობს ვაშრობთ. არაარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა" - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს.
ტრამპის თქმით, წერილში ნათქვამია: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს“.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ზელენსკის მხრიდან წერილის გაგზავნას აფასებს.
„ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. მშვენიერი არ იქნება? დროა, ეს სიგიჟე დასრულდეს, დროა, ეს უაზრო ომი დასრულდეს, მკვლელობის შეჩერების დროა. თუ ომის დასრულება გსურს, ორივე მხარეს უნდა ესაუბრო“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ერთობისა და თანამშრომლობისკენ, რათა ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ერთობლივად გადაიჭრას.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის პირველი გამოსვლა კონგრესის ერთობლივ სესიაზე მისი მეორე ვადის დაწყების შემდეგ. მსგავსი სიტყვით გამოსვლები, ტრადიციულად, გამოიყენება პრეზიდენტის მიერ თავისი დღის წესრიგისა და მიზნების წარმოსაჩენად.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press