Foto

შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს სანქციების დაწესებისთვის აკრიტიკებს

სადაო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ "ქართული ოცნების" კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებიან, რომ ის საქართველოს რეალურ ინტერესებს იცავს და ომში ჩართვას არ აპირებს.

პაპუაშვილის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა ავტორიტარული იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მშვიდობიანი პოლიტიკის გამო სანქციებს უწესებენ.

 

„პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, ყველანაირად მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, რომელიც მშვიდობისა და საქართველოს რეალური ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, ყველანაირად ესხმიან თავს და, ბოლოს, სანქციების გაუგებარ დაწესებამდეც კი მივიდნენ,“ – წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ბალტიის ქვეყნები საქართველოს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხეს გრძნობენ.

„ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ. ამ მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან, ყველანაირ ბერკეტს მიმართონ, მათ შორის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლასაც“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ზეწოლას იყენებენ, რათა თბილისი აიძულონ, ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.