Foto

დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა უკრაინაში ფარული მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს. 

პოლიტიკო წერს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხებოდა. ტრამპის თანაშემწეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ზელენსკი ომით გამოწვეული დაღლილობისა და მზარდ კორუფციასთან დაკავშირებული საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდებოდა. 

გეგმის მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების შემდეგ იგეგმებოდა, სანამ სრულმასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყებოდა. 

ამ მოვლენებს მოჰყვა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად ერეოდნენ ტრამპის თანაშემწეები უკრაინის საშინაო პოლიტიკაში , რასაც შესაძლოა  საერთაშორისო კრიტიკა და პოლიტიკური რეაქციები მოჰყოლოდა.