Foto

სენატის ორპარტიული ჯგუფი - საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხით, მხოლოდ კრემლი სარგებლობს

სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხით, მხოლოდ კრემლი სარგებლობს.

მათივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა და საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში. 

„შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უფრო გულდასაწყვეტი იყო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა თავისი განზრახვა ცალმხრივად დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება. მმართველ პარტიას მნიშვნელოვან წილად ვალდებულია, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოება და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს. როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ოქტომბერში, კანონის უზენაესობის განმტკიცების უცვლელი ერთგულებისკენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო, სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში, დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს“ , - აცხადებენ სენატორები.

დოკუმენტს ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი , ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.