Foto

შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აანონსებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს.

მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელება და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა.

„ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი სინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ გზას, ძლიერ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის მშენებლობას სთავაზობს. ასევე, ყურადღება გავამახვილე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება რეფორმების განსახორციელებლად საუკეთესო გზაა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილების ზრდას და ყველაფერს, რაც საჭიროა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის.

სიღრმისეული საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას ვერ ვხედავ.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა განმეხილა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები“, - ვკითხულობთ შარლ მიშელის განცხადებაში.