სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ის ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება, ბევრად უარესი ყოფილიყო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის, აზადე როჯჰანის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„იმ სერიოზული შეშფოთებიდან გამომდინარე, რაც ასამბლეაში გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე თქვენი საქართველოში ვიზიტიდან გამომდინარე, სადაც ხაზი გაუსვით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ გამოწვევებს, მსურს, გკითხოთ, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან? ასევე, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტი, რომ დავიწყოთ ერთობლივი პროცედურა, როგორც საერთო ინიციატივა და დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში?“- მიმართა შვედმა დეპუტატმა ბერსეს.
„გმადლობთ საქართველოს შესახებ შეკითხვისთვის. მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ ბევრს ვმუშაობთ საქართველოს საკითხებზე. ასე იყო არჩევნებამდეც. არჩევნების შემდეგ მე თვითონ ვიყავი დელეგაციასთან ერთად თბილისში დეკემბერში, რათა მენახა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ერთად გვემუშავა მომდევნო თვეებში, კარგი მთავრობათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში დადებითი ცვლილებების უზრუნველსაყოფად და ასევე კანონების განხილვისთვის გზების საპოვნელად. ეს, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონებს ეხებოდა. კარგი დისკუსიები მქონდა მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან. დავბრუნდი კარგი შთაბეჭდილებით შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით იმ საკმაოდ რთულ კონტექსტში, რაც ჩვენ გვქონდა“, - აღნიშნა ბერსემ.
მისი თქმით, საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მან მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის გეგმის შესახებ, დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს დაბრუნებოდა.
„თებერვლის დასაწყისში მივიღე განცხადება, რომ საქართველო არ იყო ხელმისაწვდომი გაეგრძელებინა ერთობლივი მუშაობა ე.წ. უცხოური გავლენის კანონის სიღრმისეულ შესწორებაზე ან გაწვევაზე. საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მან მომაწოდა ინფორმაცია მთავრობის განზრახვების შესახებ, დაუბრუნდეს დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს. მას შემდეგ პირდაპირი კომუნიკაცია აღარ გვქონია“, - აღნიშნა ბერსემ.
მისი თქმით, ახლა კითხვა არის ის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ალენ ბერსემ იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე კონტაქტი ექნება საქართველოს მმართველ პარტიასთან და პრემიერ-მინისტრთან.
„ახლა კითხვა არის, რა უნდა გაკეთდეს. მინისტრთა კომიტეტში ორი დისკუსიის შემდეგ, გამოვედი წინადადებით, ვცადოთ საქართველოსთან სტრუქტურირებული დიალოგის განვითარება. ვნახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად, რადგან სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ის ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება, ბევრად უარესი ყოფილიყო. საქმე ამაშია. ამ მომენტში ცუდი დინამიკა გვაქვს. გვჭირდება მეტი კონტაქტი. გვსურს, მეტად ვიმუშაოთ ერთად და ასევე უნდა მივცეთ შანსი სტრუქტურირებულ დიალოგს, რომ იმუშაოს. კენჭისყრის შემდეგ, რაც გქონდათ და მანდატების უფლებამოსილების გარკვეული პირობებით ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სიგნალი ნათელი იყო. ახლა უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სიგნალის საფუძველზე რაიმეს გაკეთება, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე მექნება კონტაქტი საქართველოს მმართველ პარტიასთან და პრემიერ-მინისტრთან, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. რაც შეეხება კითხვას, რომელიც თქვენ დასვით, ვფიქრობ, ახლა აშკარად ნაადრევია შემდეგი ნაბიჯის, შემდეგი ეტაპის დაწყება. ვინაიდან თქვენ ითხოვთ, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ მკაფიო პასუხი. ვფიქრობ, ახლა ჯერ ადრეა“, - აღნიშნა ალენ ბერსემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press